აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ესწრებიან ფასილიტატორი ელჩები. „ქართული ოცნების” მხრიდან ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრას პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე  ესწრება, რომელმაც განაცხადა, რომ დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კი განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა დათმოს.

„მაშინ მოლაპარაკებას აზრი საერთოდ არ ექნებოდა. მაშინ, ტყუილად არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ, არც „ქართული ოცნება” და არც ელჩები. ამდენად, შეიძლება ვერაფერზე ვერ შევთანხმდეთ და ასე დავიშალოთ და ჩვენ ჩვენს გზას გავუყვეთ, მაგრამ გარკვეული იმედი არის, რომ რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა პლებისციტის ჩატარების იმედი, ალეკო ელისაშვილის პასუხობს, რომ წინასწარ ვერ ილაპარაკებს.