“ბარბაროსული აგრესია“–მერკელის პირველი კომენტარი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბოლო ნახევარი წლის მანძილზე პირველ საჯარო გამოსვლაში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი დაგმო. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

“სოლიდარული ვარ უკრაინის, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა და მხარს ვუჭერ მისი თავდაცვის უფლებას“– თქვა მერკელმა.

ყოფილმა კანცლერმა აღიარა, რომ არ უნდა რაიმე შეფასებები აკეთოს გვერდიდან, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ისტორიაში საერთაშორისო სამართლის ყველაზე მძიმე დარღვევაა.

კანცლერი მხარს უჭერს გერმანიის და ევროკავშირის სხვა ქვეყნების, ასევე აშშ–ს, ნატოს, დიდი შვიდეულის და გაეროს მიერ მიღებულ ნებისმიერ ზომას, რომლებიც “რუსეთის ბარბაროსული აგრესიული ომის “ წინააღმდეგ არის მიმართული.

მერკელის თქმით, ვერავინ შეაფასებს სრულად, რამდენად შორსმიმავალი იქნება ომის შედეგები.

“თუმცა შედეგები მნიშვნელოვანი იქნება – განსაკუთრებით უკრაინელებისთვის. ბუჩა ამ საშინელების მაგალითი იყო“– თქვა ექს კანცლერმა.

მისი თქმით, “უსასრულო სევდაში იმედის სხივი იქნება“ უკრაინელების მხარდაჭერა მეზობელი ქვეყნების, კერძოდ პოლონეთის და მოლდოვის მხრიდან. ევროკავშირის ერთიანობას კი აგრესიის დასამარცხებლად დიდი მნიშვნელობა აქვს.

მერკელი მოუწოდებს გერმანელებს ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანონ, რადგან მშვიდობა და თავისუფლება არ არის ისეთი რამ, რაც თავისთავად იგულისხმება და მუდმივი მოცემულობაა.