“ბატალიონი მოულოდნელად ჩაბარდა” – აზოვის პოლკი 36-ე საზღვაო ბრიგადას აკრიტიკებს

აზოვის პოლკის მეთაური, დენის პროკოპენკო Украинская правда-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მარიუპოლში არსებული სიტუაციის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუ რუსული ჯარი ყირიმიდან მარიუპოლში ოთხ დღეში არ ჩავიდოდა და მანამდე სხვა ქალაქებში წინააღმდეგობას გაუწევდნენ.

მისი თქმით, მტერი ყირიმიდან გამოსვლის შემდეგ უნდა განადგურებულიყო, რადგან იქ უკიდურესად შეზღუდული იყო მანევრებში და წინსვლის მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა, თუმცა ეს არ მოხდა.

პროკოპენკო აკრიტიკებს უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეით ბრიგადასაც და ამბობს, რომ მათ ქმედებას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს.

“ერთი ბატალიონი მოულოდნელად ჩაბარდა, ჯერ კიდევ 4 აპრილი იყო. შედეგად დავკარგეთ იმ დროისთვის „აზოვისა“ და 36-ე ბრიგადის კომუნიკაციის ერთადერთი გზა. შემდეგ, მოულოდნელად, 36-ე ბრიგადის მეთაურმა, გაფრთხილების გარეშე, გადაწყვიტა, უბრალოდ გაერღვია გაურკვეველი მიმართულებით და ამით ბევრი ადამიანი დაკარგა. ანალოგიურად, ბევრი ადამიანი ტყვედ ჩავარდა”,– ამბობს ის და აღნიშნავს, რომ შეეძლოთ, დიდი ხნით შეენარჩუნებინათ დაცვა მარჯვენა სანაპიროზე, ეს რომ არ მომხდარიყო.

“ამ არაკოორდინირებულ ქმედებებს, რომელიც მოულოდნელად მოხდა 36-ე ბრიგადის მიერ, მოჰყვა კატასტროფული შედეგები, რომლის უკან დაბრუნებაც აღარ არის შესაძლებელი.

არ ვიცი, ეს 36-ე ბრიგადის მეთაურის, პოლკოვნიკ ბარანიუკის გადაწყვეტილება იყო თუ ვინმემ აიძულა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სრულიად ალოგიკური იყო, ილიჩის ქარხნის დაცვა კიდევ დიდხანს შეიძლებოდა, მაგრამ არ ვიცი, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. მათ ჰქონდათ აბსოლუტურად საკმარისი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა თავდაცვის შესანარჩუნებლად”,– აღნიშნავს აზოვის პოლკის მეთაური.

პროკოპენკოს მტკიცებით, ოკუპანტებმა დაახლოებით 1000 საზღვაო ქვეითი დაატყვევეს.

ის ასევე ამბობს, რომ აზოვის პოლკმა ყველაფერი გააკეთა, რათა ოკუპანტების მაქსიმალური ძალები მიეზადა, რამაც უკრაინას საშუალება მისცა, მიეღო იარაღი დასავლელი პარტნიორებისგან, გადაჯგუფებულიყო და უფრო ეფექტურად ემოქმედა.