ბახმუტის მიმართულებით უკრაინული არმია წინ მიიწევს – რუსები ფლანგებზე პოზიციებს კარგავენ

უკრაინის ქალაქ კრივოი როგში რუსული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11–მდემდე გაიზარდა. რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაშავებულია 28 ადამიანი. მათგან 12 ქალაქის საავადმყოფოებში რჩება. ნაწილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის თქმით, სამაშველო სამუშაო გრძელდება. მაშველებმა ადამიანებთან ერთად ნანგრევებიდან ცხოველებიც ამოიყვანეს.

დღეს დილით დაწყებული სარაკეტო დაბომბვის დროს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ რაკეტების ნაწილის გაუვნებელყოფა შეძლო, თუმცა ნაწილმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაზიანდა ქალაქის თბოელექტროსადგური.

დნეპროპეტროვსკის ოლქში 9000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა . მათ შორის 3 მაღარო, სადაც რამდენიმე ათეული მაღაროელი 3 საათის განმავლობაში მიწისქვეში იყო ჩაკეტილი. 14 ივნისი კრივოი როგში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გრძელდება უკრაინის არმიის კონტრშეტევითი ოპერაციები დონეცკის და ზაპოროჟიეს რეგიონებში. უკრაინულმა არმიამ ბერდიანსკის მიმართულებით ბოლო 24 საათის განმავლობაში 1000 მეტრით წინსვლა შეძლო. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი კოვალიოვმა განაცხადა. გათავისუფლებული ტერიტორიების ფართობი ამ დროისთვის 3 კვადრატულ კილომეტრამდეა.
უკრაინელმა საზღვაო ფეხოსნებმა გაავრცელეს დონეცკის ოლქში მაკაროვკის დასახლების გათავისუფლების კადრები. 35–ე ბრიგადის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ რუსული არმიის პირადი შემადგენლობის ნაწილი განადგურდა, ნაწილი კი ტყვედ ჩავარდა. დეოკუპირებულ მაკაროვკაში ახლა სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი სირსკი ამბობს, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინული არმია წინ მიიწევს. რუსები ფლანგებზე პოზიციებს კარგავენ. საკუთარ პოსტს სოციალურ ქსელებში სირსკიმ თან დაურთო ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ვიდეო იმის შესახებ, რომ რუსეთმა ბახმუტის ტერიტორიაზე ყოველი 48 სანტიმეტრის ასაღებად ერთი ჯარისკაცი დაკარგა.
ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორი, ჯონ კირბი ამბობს, რომ როგორც ჩანს უკრაინამ კონტრშეტევითი ოპერაციები დაიწყო, თუმცა შტატები ჯერჯერობით მათ შეფასებას ვერ გააკეთებს.

“აშკარაა, რომ შეტევითი ოპერაციის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. თუმცა, ისინი პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა შეაფასოს და არა ჩვენ. ასევე ცალსახაა, რომ უკრაინულმა მხარემ უნდა ისაუბროს ყოველდღიურ მიღწევებზე და დანაკარგებზე.ამერიკის შეერთებული შტატები ფოკუსირებულია უკრაინის წარმატებაზე ბრძოლის ველზე და ამას ხელს შეუწყობს.“
პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელების წინსვლის შესახებ საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა:

“ბრძოლები სასტიკია, მაგრამ არის წინსვლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მტრის დანაკარგები ისეთია, როგორიც გვჭირდება. და მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში ამინდი არახელსაყრელია და წვიმები ართულებს ჩვენს ამოცანას , ჩვენი ჯარისკაცების სიმტკიცე იძლევა შედეგს. ამისათვის მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია, ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს საბრძოლო ბრიგადებს შესაბამისი მიმართულებით. მადლობა ჩვენს ბიჭებს ყოველი უკრაინის დროშისთვის, რომელიც ახლა უბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს ახლად დეოკუპირებული ტერიტორიის სოფლებში! გმადლობთ ჩვენი გაცვლითი ფონდის არსებითი შევსებისთვის! იყო ცენტრალური კომიტეტის მოხსენება ზოგადი მდგომარეობის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის უშიშროების სამსახურის მოხსენება დეოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილიზაციის ღონისძიებების შესახებ. ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ საჭირო იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში. ასევე იყო დაზვერვის ანგარიში – მტრის მოქმედების ვარიანტებთან დაკავშირებით. ჩვენ ვინარჩუნებთ და ვაძლიერებთ ჩვენს საოპერაციო დომინირებას. განსაკუთრებით მადლობელი ვარ ბახმუტისთვის – ჩვენ ვზრდით კონტროლს ამ მიმართულებით“.-განაცხადა ზელენსკიმ.