ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა

ბიტკოინის ფასის რეკორდული ზრდის შემდეგ მისი ფასი მკვეთრად დაეცა.  ექსპერტები მბობენ, რომ კრიპტოვალუტის გაუფასურების მიზეზი შესაძლოა ამერიკაში პანდემიის დროს დაზარალებულთათვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი იყოს.

1.9 ტრილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს პრეზიდენტმა  ბაიდენმა გასულ კვირას მოაწერა ხელი.

ბიტკოინის ფასის ვარდნის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება ის იყოს, რომ ამერიკის ხაზინის შემოსავალმა 13 თვის მაქსიმუმი აჩვენა და 1.64% შეადგინა.

ბიტკოინის ფასმა ზრდა გასული წლის ბოლოს დაიწყო და რეკორდულ ნიშნულს 61 800დოლარს 14 მარტს მიაღწია. თუმცა მოულოდნელად ვარდნა დაიწყო და ერთ დღე–ღამეში მისი ფასი $57,2–მდე ჩამოვიდა.

ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ ბიტკოინის ფასის ვარდნა შესაძლოა განპირობებული იყოს, ინდოეთში მიმდინარე პროცესებით. ქვეყანაში კანონპროექტი მზადდება, რომელიც ქვეყანაში კრიპტოვალუტებს აკრძალავს. “როიტერის” ცნობით კანონის პროექტის დამტკიცების შემთხვევაში აიკრძალება კრიპტოვალუტის როგორც შენახვა, ასევე გაცემა და მისი გამოყენებით ვაჭრობა.

მანამდე, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეკორდული მონაცემები დააფიქსირა. ანალიტიკოსების შეფასებით, ამის მიზეზი ინვესტორების მაღალი ინტერესია.