გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, რომელიც ზელენსკის მოთხოვნით გაიმართა

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ადგილობრივი დროით 16 საათზე, თბილისის დროით კი ღამის პირველ საათზე დაიწყო. სხდომის მოწვევა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის რუსული ინტენსიური სარაკეტო დაბომბვის მორიგი ტალღის შემდეგ მოითხოვა.

„მე დავავალე უკრაინის ელჩს გაეროში, მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივი მოწვევა დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება ტერორიზმია და უკრაინა გააგრძელებს გადამწყვეტი რეაგირების მოთხოვნას. მსოფლიო ამ დანაშაულებებისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერში“.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ  რუსეთი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დასდო ბრალი. მან გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე  ვიდეოჩართვით  ისაუბრა.

ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი მსოფლიოს ტერორის, დესტაბილიზაციისა და დეზინფორმაციის გარდა არაფერს სთავაზობს.

რუსეთის უახლესი სარაკეტო დარტყმის შემდეგ უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ 23 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით 67 რაკეტა იქნა გასროლილი, რომელთაგან 51 ჩამოაგდეს. მხოლოდ კიევის მიმართულებით რუსებმა 30 რაკეტა გაისროლეს.  უკრაინაზე თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.

შეხვედრის დაწყებამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმებს სამხედრო მნიშვნელობა არ აქვს და მათი მთავარი მიზანია „უკრაინელი მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების დაღუპვისა და ტანჯვის გაზრდაა“.

ვაშინგტონმა ასევე განაცხადა, რომ დაბომბვა ზრდის რეგიონში ატომურ ელექტროსადგურებზე ავარიების რისკს.