გამყრელიძის არასწორი განცხადება – NCDC განმარტავს, ვინ მიიღებს კოვიდპასპორტს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამირან გამყრელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აზუსტებს. როგორც ირკევა, კოვიდპასპორტს მიიღებენ ის პირები, ვისაც 2021 წლის 1 დეკემბრამდე რიგი მიზეზების გამო არ აქვს ბაზაში ასახული ტესტის დადებითი პასუხი და არა ისინი, ვინც არ გაიტესტებიან, თუმცა სიმპტომებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმი გაუწევთ მეთვალყურეობას.

“აღნიშნული პირები კოვიდ-გადატანილის სტატუსითა და „მწვანე ბარათით“ ისარგებლობენ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში;

ბ) COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და / ან სასტუმროში;

გ) იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის ექიმის / დაზღვევის ექიმის მხრიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ელექტრონულ ბაზაში;

ზემოთჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის შემთხვევაში, სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციას და სისტემაში ასახვას”,– წერია NCDC-ის განცხადებაში.