განაჩენს პარტიის ოფისში მოვისმენ და დავემორჩილები – ხაზარაძე

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ხვალ საქალაქო სასამართლოში არ მივა და მოსამართლის გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში მოისმენს.

“სასამართლო სხდომა, დღეს, პრაქტიკულად დამთავრდა. ჩვენ ხვალ სასამართლოზე არ გამოვცხადდებით, მე ჩემს თანაგუნდელებთან, მეგობრებთან ერთად მოვისმენ ამ განაჩენს პარტიის ოფისში. არ მინდა სასამართლოს წინ უამრავი ხალხის შეკრება. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ამას დავემორჩილებით”,– ამბობს ხაზარაძე TV პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, თუ ქვეყანაში იოტისოდენა სამართალი არსებობს, გამამტყუნებელ განაჩენს არ ელოდება.

“მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლიან ქვეყანაში, ერთი ადამიანი მართავს ყველაფერს, არაფერს გამოვრიცხავ. დარწმუნებული ვარ, დღეს უკვე მესიჯბოქსზე მუშაობენ, ხვალ რა უნდა ითქვას”,– აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძე-ჯაფარიძე წერეთლის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ, 11:00 საათზე გამოცხადებს.