გელათის მონასტერში ფრესკებს წყალი რეცხავს. ახალგარემონტებული სახურავი დაზიანებულია

გელათის მონასტრის მთავარ ტაძარში წყალი ჩადის.
ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, სადაც სახურავი მოჭიქული კრამიტით ახლახანს მოაპირკეთეს, იმდენადაა დაზიანებული, რომ ნაგებობაში ჩასულმა წვიმის წყალმა ფრესკებიც დააზიანა.
ნაწილ-ნაწილ ძირს ცვივა ღვთისმშობლის ფრესკის ფრაგმენტები, თეთრი ლაქებითაა დაფარული სხვა ფრესკები და სინესტისგან ხავსია მოკიდებული კედლებზეც.
kutaisipost –ის ინფორმაციით პრობლემა სამუშაოების დასრულებიდან მალევე, ერთ თვეში გამოჩნდა. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, რომლის სახურავის ნაწილზე არსებული მოჭიქული კრამიტები ახლა დამტვრეულია, წყალი პირველივე გაწვიმების დროს ჩავიდა. ამის შემდეგ, ტაძრის დაზიანებული ნაწილი დროებით, ე.წ. ტენტით გადახურეს და ტაძარი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

ტაძრის ერთ-ერთი მოძღვარი ამბობს, რომ სახურავზე კრამიტი ბეტონის გაშრობამდე მოაწყვეს, ფრესკების დაზიანების მიზეზად კი ვენტილაციის ჩაკეტვას ასახელებს, რომელიც გადახურვის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა. ამის გამო, მისი თქმით, მონასტრის მსახურები ტაძრის განიავების მიზნით კარებს ღიად ტოვებდნენ, თუმცა, პრობლემას არც ამან უშველა.

,,სახურავზე ბეტონის დასხმის შემდეგ კრამიტი ისე მოეწყო, რომ ცემენტის გაშრობას არ დაელოდნენ, დახურული საჰაეროს გამო კი გამოშრობა ვერ მოხერხდა. ტაძარში ნესტიც ამიტომაა”.

რატომ დაზიანდა ასეთ მცირე დროში ძვირადღირებული სახურავი, ზუსტი პასუხი ამაზე არ არსებობს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათის მონასტერში რეკონსტრუქციის ხარვეზებით შესრულების გამო, სრულ პასუხისმგებლობას შემსრულებელ კომპანიას და მუნიციპალური განვითარების ფონდს აკისრებს.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განმარტებაში ნათქვამია, რომ კრამიტის ხარისხი, რომლითაც ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი გადაიხურა, არ ყოფილა შეთანხმებული სააგენტოსთან.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მის მიერ გავრცელებულ განმარტებაში ხარვეზების აღმოფხვრაზეც წერს და აცხადებს, რომ პრობლემას საკუთარი სახსრებით შემსრულებელი კომპანია სრულად აღმოფხვრის.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ  და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი  ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

წყარო: kutaisipost.ge