გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ ენმ მოლაპარაკებებს გამოეთიშოს

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების გამო მისი პარტია მოლაპარაკების პროცესს გამოეთიშოს.

“დიახ, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის [ენმ გამოეთიშოს მოლაპარაკებას], გააჩნია, რა ფორმატზე იქნება საუბარი, ვინც იქნება მოლაპარაკების ინიციატორი. ბუნებრივია, ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და არ გავაკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც, პრინციპში, მოლაპარაკებებს ჩაშლის, მაგრამ ფაქტია, რომ ასე გაგრძელებაც შეურაცხმყოფელი არის ჩვენი პარტიისთვის, ასობით ათასი ჩვენი მხარდაჭერისთვის. რეალურად ხელისუფლება გვესაუბრება იმ ვითარეში, როცა მთავარი ლიდერი უკვე მე–8 წელია საქართველოდან ჰყავს გაძევებული და  ახლახან არჩეული თავმჯდომარე გვყავს საპყრობილეში”,– ამბობს ის ტვ პირველთან საუბრისას.

მისივე შეფასებით, რადგან ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ესე იგი ივანიშვილს არ უგრძვნია საზოგადოების და დასავლელი პარტნიორების შესაბამისი ზეწოლა.

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.