გირჩი სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს 2 პირობით დაუჭერს

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს 2 პირობით დაუჭერენ – თუ მომავალში ენმ მხარს მათ ინიციატივას დაუჭერს და “შეწყვეტს ტირაჟირებას”, რომ გირჩი არ არის ოპოზიცია.

“ჩვენს ეს კომისია არ გვაინტერესებს, მაგრამ გვაინტერესებს ნორმალური ურთიერთობა ჩვენს კოლეგებთან. ნორმალური ურთიერთობის მისაღწევად ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ ინიციტივას იმ შემთხვევაში, თუ მომავალში, როცა ჩვენ დაგვჭირდება, ისინი ჩვენ დაგვიჭერენ მხარს და ამის შესახებ ახლა იტყვიან საჯაროდ.

ასევე, თუ შეწყდება ტირაჟირება იმის, რომ ჩვენ ვართ რაღაცნაირი არა ოპოზიცია, არამედ ქართული ოცნების მეგობარი, რის ტირაჟირებასაც ნაციონალური მოძრაობა და მათი მედიასაშუალებები აწარმოებენ”,– ამბობს იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურს, პარლამენტში ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები.