დაავიწყდა თუ არა მერიას ჭავჭავაძის გამზირზე მილების დაერთება – თბილისის მერიის განმარტება

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ხელახლა ითხრება. მისი განცხადებით, თბილისის მერიას, სავარაუდოდ, ჭავჭავაძეზე ჭების მილების დაერთება დაავიწყდა და დაგებული ასფალტი ხელახლა აყარა.

თბილისის მერია BM.GE-სთან აცხადებს, რომ არაფერი დავიწყებიათ და ახლა ჭების წამოწევის პროცესი მიმდინარეობს. მათი განმარტებით, საფარი იმიტომ დაიგო, რომ მანქანების გადაადგილებისთვის ხელი არ შეეშალა.

„ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება იწყება, ჭების წამოწევა უნდა მოხდეს შესაბამის ნიშნულზე. ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი პროცესი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. იმისთვის, რომ ავტომანქანების გადაადგილებისთვის არ შეეშალა ხელი, მოხდა ჭების დროებით დაფარვა. ახლა მიმდინარეობს საბოლოო ეტაპი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჭები უნდა გასწორდეს შესაბამის ნიშნულზე“, – აცხადებენ მერიაში.