ხუთშაბათი, 9 მაისი , 2024, 05:38

დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდასხმის გამო პოლიციამ 2 პირი დააკავა

რუსთაველის გამზირზე “რესპუბლიკური პარტიის” წევრებზე დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდასხმის გამო პოლიციამ 2 პირი დააკავა.

ხათუნა სამნიძე “მთავარ არხთან” ამბობს, რომ თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.  ერთ-ერთი თავდამსხმელი მან ამოიცნო, რადგან ის სხვა ჰომოფობიური ნიშნით გამართულ პროტესტების აქტიური მონაწილე იყო.

  • ”ესეც მოხდა. თავს დაგვესხა ორი კაცი რუსთაველზე და გინება, ხელით შეხება მეტს ვერც ვწერ ისე ვარ. პატრული მოვიყვანე. ხმა აღარ მაქვს” – დაწერა ცოტახნის წინ ხათუნა სამნიძემ სოციალურ ქსელში. 

სამნიძის თქმით, რუსთაველის გამზირზე ის და დავით ბერძენიშვილი პრესკონფერენციის ჩატარების შემდეგ გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც 2 პირი დაესხათ თავს. ერთ-ერთს ჯოხიც ჰქონდა:

“მე და დათო ბერძენიშვილი მოვდიოდით რუსთაველზე პრესკონფერენციის შემდეგ და რაც მოხდა არის ცალსახად პოლიტიკური. მე არ მჩვევია ხოლმე არც გაზვიადება და დარწმუნებული თუ არ ვარ საუბარი. ორი ადამიანი მოვიდა. ერთ-ერთი არის ისეთი ვინც ხშირად მონაწილეობს ისეთ აქციებში, რომელიც თავდასხმაზეა. მაგალითად  “და ჩვენ ვიცეკვეთ”  რომ იყო ფილმის ჩვენება, იქ იყო დათო მისული და იქ იყო ერთ-ერთი აქტიური, თავს ესხმოდა ადამიანებს.

ჯერ დაგვიწყეს ლაპარაკი, როცა აგრესიულად დაიწყეს ლაპარაკი პოლიტიკურ შეხედულებებზე, ვეცადეთ გამოვსულიყავით, მაგრამ არ გამოვიდა. დაიწყეს ადევნება, შეურაცხყოფები, გინება, თქვენ სიწმინდეებს ერჩით, მუქარა, ამ ქვეყანაში მარტო ვერ გაივლით დაცვის გარეშეო, ერთი ჯოხით იყო, მოისროლა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა დათოსთან, მე შუაში ჩავდექი, მეც მომხვდა, იყო ფიზიკური დაზიანების საფრთხე. მოწოდებული იყვნენ რომ აუცილებლად ეჩხუბათ. მეც გადავედი შემდეგ წინააღმდეგობაზე, პატრულს დავიძახე და პატრულის საერთოდ არ გვეშინიაო.

ვიხვეწებოდი ვუყვიროდი დაერეკა ვინმეს პატრულში, მე ვაკავებდი და ორივე ხელი დაკავებული მქონდა. მერე ჩემზე პირადად გადმოვიდნენ, ასეთი ქალი ხარ ისეთი ქალი ხარ…მერე მოვახერხე მეორე მხარეს გადამერბინა, მოვიყვანე პატრული, პატრულთანაც გააგრძელეს გინება, მანქანაში არ სხდებოდნენ და იქვე დამემუქრნენ, რახან პატრულს დაუძახე გადაკიდება აწი ნახე რას ნიშნავსო.” ამბობს ხათუნა სამნიძე “დღის სტუმრის” ეთერში.