შაბათი, 11 მაისი , 2024, 12:26

დღეს ვეღარ მოვასწარით სასამართლოსთვის მიმართვა – პროკურატურა ნიკა მელიას გირაოზე

“დღეს ვეღარ მოვასწარით სასამართლოსთვის მიმართვა” –  ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის, გირაოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საქართველოს პროკურატურამ მეილზე მიიღო. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ქვითარი მათ, საღამოს 6 საათისთვის მიიღეს რის გამოც ვეღარ მოასწრეს მელიასთვის აღკვეთის ღონისიძების შეცვლის მოთხოვნით, სასამართლოსთვის მიემართათ.

“18:00-ს აკლდა რამდენიმე წუთი, როცა მეილით ქვითარი მივიღეთ. დღეს ვეღარ მოვასწარით სასამართლოსთვის მიგვემართა. ჩვენ მზად ვართ და როგორც კი ამის საშუალება გვექნება მივმართავთ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე” –  უთხრეს “მთავარს” პროკურატურის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურში.

“საიას” ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ პროკურატურას შეეძლო ჩარიცხული თანხის ანგარიშზე ასახვამდეც მიემართა სასამართლოს შუამდგომლობით, თუმცა ეს არ გააკეთა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ევროკავშირმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარი გადაიხადა. გირაოს გადახდას გამოეხმაურა, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.

“მშვენიერია, კარგია იმის დანახვა, რომ ყველა პარტნიორმა დანაპირები შეასრულა – მათ შორის ევროკავშირმა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ციხეს ძალიან მალე დატოვებს. ამან ყველას უნდა გაუხსნას გზა, საქართველოში რეგულარული საპარლამენტო მუშაობისკენ 19 აპრილის შეთანხმებით”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ ენმ-ის თავმჯდომარე ოფიციალურად გამოაცხადა პოლიტპატიმრად.