ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და იწყებს გამოცოცხლებას – თურნავა ეკონომიკის 7,7%-იან ვარდნაზე

„ყველა სირთულის მიუხედავად, ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და ამის პირველი ნიშნები სახეზეა – ეკონომიკის ვარდნის ტემპი კლებულობს და ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას,“ – ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ივნისში ეკონომიკური ზრდის 7.7%–იან ვარდნას.

მისი თქმით, 2020 წლის ივნისში სამთო-მომპოვებელმა სექტორმა პოზიტიური დინამიკა აჩვენა, რაც მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია.

“აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გაიზარდა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი: 2020 წლის ივნისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4309 საწარმო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება”, – ამბობს მინისტრი.

თურნავა აღნიშნვას, რომ მოცემული რიცხვი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ “მთავრობის ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო და ეკონომიკა თანდათან გადალახავს იმ უარყოფით გარემოს, რაც პანდემიით შეიქმნა”.

შეგახსენებთ, რომ მაისში ეკონომიკის შემცირება 13,5 პროცენტი, ხოლო აპრილში 16,6 პროცენტი იყო.