ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ პარლამენტში შევიდეს – კაპანაძე

ევროპული საქართველო ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება. ელისაშვილმა თქვა, რომ “ბოკერიას პარტია” მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს.

კაპანაძის აზრით, ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ პარლამენტში შევიდეს და ამიტომ ესხმის თავს კოლეგა ოპოზიციურ პარტიას.

“ელისაშვილის ბრალდებები, რომ ჯერ ერთი, ვითომ რაღაც ფულის აღება დავაბრალეთ, რაც არ ყოფილა არასდროს და ის, რომ რაღაც საბოტაჟს ვეწევით, ძალიან სამწუხაროა. ბატონი ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ შევიდეს და ახლა გამოიყენა კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა ამ საბაბად. ეს მასზე უფრო მეტყველებს, ვიდრე სხვა რამეზე. მას თუ უნდა, რომ შევიდეს, უნდა თქვას. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ იმიტომ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და იმიტომ რომ ქართველ ხალხს წაართვეს ნება თავისუფალ არჩევნებზე”. – ამბობს კაპანაძე.

ის ასევე ეხმიანება ელისაშვილის განცხადებას, რომ თუ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმდებიან, ის პარლამენტში შევა.

“თუ მას მიაჩნია, რომ კოდექსში რაღაცის გაუმჯობესების შედეგად ის უნდა შევიდეს პარლამენტში და თქვას, რომ ეს არჩევნები კი ბატონო სამართლიანი იყო და ივანიშვილს “გაუპრავოს” ეს პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცეს, ეს უნდა გადაწყვიტოს და თქვას”. – ამბობს კაპანაძე.