ენმ გეგმავს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებას – მდინარაძე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა გეგმავს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ, გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისათვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ნაციონალური მოძრაობის მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება”,– ამბობს მდინარაძე ბრიფინგზე.

მისი მტკიცებით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას.

“კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან, ამასთან, დარწმუნებულები ვართ, თუ ისინი ამგვარ სიბინძურეს იკადრებენ და აღნიშნულ ჩანაწერებს გაავრცელებენ, საზოგადოების მღელვარების და რისხვის ობიექტი სწორედ ნაციონალური მოძრაობა და მისი თანამზრახველები გახდებიან. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, მიიღონ ყველ ზომა ამ საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად”,– ამბობს მდინარაძე.