“ენმ-ს აქტიური მხარდამჭერიც იყო” – მიქანაძე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულზე

ქართული ოცნების დეპუტატი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერიც იყო.

“არასწორი განცხადებაა, რომ მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ კეთდება აქცენტები, დღეს გავრცელდა კონკრეტული ინფორმაცია ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში, რომ ეს ადამიანი ასევე თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერიც იყო, მე მგონი ამის შესახებ ხართ ინფორმირებული”,– ამბობს მიქანაძე ბრიფინგზე.

მისივე განმარტებით, შსს-სთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვისი აქტივისტია ადამიანი, რომელიც დანაშაულს სჩადის, ამიტომ მურსაკულოვის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება.

ცნობისთვის, რაფაელ მურსაკულოვის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ის “ქართული ოცნების” წევრი იყო. ამას ადასტურებს მის სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოები მმართველი პარტიის დეპუტატებთან ერთად.