ენტონი ბლინკენი უკრაინაში ჩაფრინდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინაში ჩაფრინდა. ის ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.

მან კიევიდან რუსეთს “დიპლომატიური და მშვიდობიანი გზისკენ” მოუწოდა.

”გასულ კვირას ინტენსიური მოლაპარაკებები შედგა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. კვირის ბოლოს ვნახავთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით. დიდი იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ დიპლომატიურ და მშვიდობიან გზას, მაგრამ საბოლოოდ ეს პრეზიდენტ პუტინის გადასაწყვეტია”,– განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს კიევში.

უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ბლინკენი გერმანიაში გაფრინდება, სადაც გერმანელ, ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს შეხვდება. სახელმწიფო მდივანი ევროპაში ვიზიტს კვირის ბოლოს, ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვთან შეხვედრით დაასრულებს.

ცნობისთვის, დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცი განლაგებულია უკრაინის საზღვრებთან, რის გამოც დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. რუსეთმა აღნიშნული გეგმა არაერთხელ უარყო.

აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მოსკოვს შეუძლია, დაიწყოს შეტევა “ნებისმიერ მომენტში”. მათივე ცნობით, რუსეთმა შესაძლოა პროვოკაციები მოაწყოს, რასაც შეჭირს საბაბად გამოიყენებს. ამის პარალელურად, უკრაინას საერთაშორისო პარტნიორები სამხედრო შეიარაღებით ეხმარებიან.