ერევანში, ОДКБ-ს სამიტის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე აქტივისტებთან და სომხეთის მოქალაქეებთან ერთად, ასობით უკრაინელი და რუსი მივიდა. ისინი სამიტის ერევანში ჩატარებას, ამ სამიტზე პუტინის დასწრებას აპროტესტებენ.
აქტივისტებს, უკავიათ ტრანსფარანტები უკრაინის ქალაქების სახელებით და ამბობენ, რომ ამ ადგილებში ოკუპანტებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს.
„ჩვენ, რეალურად, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც რუსეთი და ბელარუსი მხარს უჭერდნენ აზერბაიჯანს პოლიტიკურად, ხოლო ОДКБ-ს სხვა წევრებს კი არაფერი გაუკეთებიათ“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის, ე.წ. ოდეკაბეს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა.
რუსეთის პრეზიდენტს აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დახვდა. ისინი ერთმანეთს თბილად მიესალმნენ და სამიტისკენ იმავე მანქანით წავიდნენ, რომელსაც პუტინი იყენებს.
შეხვედრას ასევე დაესწრებიან ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები – ალექსანდრე ლუკაშენკო, კასიმ-ჯომარტ ტოკაევი, სადირ ჯაფაროვი და ემომალი რაჰმონი.გარდა ამისა, დაგეგმილია პუტინისა და ფაშინიანის ცალკე შეხვედრა.
კოლექტიური უშიშროების საბჭოს სხდომები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. დაგეგმილია, რომ მონაწილეები რამდენიმე დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ფაშინიანმა ორგანიზაციის მიმართ სომხეთის პრეტენზიებზე ისაუბრა:
“ჩვენ ოდეკაბეს შექმნის 20 წლის იუბილე გვაქვს, თუმცა განწყობა სულ არ გვაქვს საიუბილეო. ბოლო ორი წლის განმავლობაში ოდეკაბეს წევრი სომხეთი მინიმუმ სამჯერ გახდა აზერბაიჯანის აგრესიის მსხვერპლი. გვამძიმებს ის, რომ სომხეთის ოდეკაბეს წევრობამ ვერ შეაკავა აზერბაინი აგრესიული ქმედებებისგან. მითუმეტეს, რომ ფაქტიურად დღემდე ვერ მოვახერხეთ მიგვეღწია გადაწყვეტილებისთვის ოდეკაბეს რეაქციაზე აზერბაჯანის ქმედებებთან დაკავშირებით. ეს ფაქტები ზიანს აყენებს ოდეკაბეს იმიჯს როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და მე ამას ვაფასებ როგორც მთავარ წარუმატებლობას სომხეთის ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პერიოდში. იგივე შემიძლია ვთქვა ესკალაციის ფაქტებზე ჩვენი წევრების, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე.“
ფაშინიანმა ორგანიზაციის წარმატებებზეც ისაუბრა და მაგალითად დაასახელა ოდეკაბეს ოპერატიული რეაქცია იანვარში ყაზახეთის პრეზიდენტის, ტოკაევის თხოვნაზე მის ქვეყანაში წესრიგის აღდგენის თაობაზე. ფაშინიანის თქმით ამან ყაზახეთს ქვეყნის შიგნით ქაოსი თავიდან აარიდა.
ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ოდეკაბე აქტუალურ პრობლემებზე მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწევს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ოდეკაბეს ერევნის სამტზე იქნება კრიზისებზე რეაგირების სისტემის გაუმჯობესება და სომხეთისთვის დახმარების გაწევის ერთობლივი ღონისძიებების განხილვა. სხდომაზე, სავარაუდოდ, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს დეკლარაცია მიიღება.
ოდეკაბეს წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. 2022 წელს ასოციაციას სომხეთი ხელმძღვანელობს, მომავალ წელს თავმჯდომარეობა ბელორუსს გადაეცემა.