ვინ აჩუქა კორონამუშკეტერს მილიონნახევრიანი ბინა. პაატა იმნაძის დღემდე უცნობი ქონება

მთავარი არხის ინფორმაციით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს წელს ძვირადღირებული შენაძენი აქვს: მისი ოჯახის მფლობელობაში აღმოჩნდა ძვირადღირებული ბინა, თუმცა უცნობია საიდან აქვს კორონავირუსთან მებრძოლი სამეულის ერთ–ერთ წევრს ამ ბინის შესაძენი ფული.

ჭავჭავაძის 60 ნომერში, ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული ახალაშენებული 22 სართულიანი კორპუსი მდებარეობს. “ჰაუსართ პლაზამ” კორპუსი ახლახანს დაასრულა და ბოლომდე შესახლებული ჯერ არ არის. სახლი ექსკლუზიურია, რომელმაც აქ მცხოვრებლებს თავი განსაკუთრებულად და გამორჩეულად უნდა აგრძნობინოს – იზოლირებული ინფრასტრუქტურით, ბრენდირებული მასალებით და პანორამული ხედებით. აქ კვადრატულის ღირებულება კომფორტის შესაბამისი – 2000 დოლარია, რაც მაღალია სართული, ფასიც შესაბამისად იზრდება.

მე-17 სართულზე, 200 კვადრატამდე ბინის მფლობელი, პაატა იმნაძეა. მთავარი არხის ინფორმაციით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბინაში თითქმის მილიონ ნახევარი ლარი გადაიხადა.

2020 წლის 3 მარტს, იმ დროს, როცა დეკლარაცია შეავსო, ბინა უკვე პაატა იმნაძის მფლობელობაში იყო, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო დამალა. ფინანსური დანაზოგი რომ აქვს, ოფიციალურ დოკუმენტში არ დაუმალავს, მაგრამ მთავარი არხის დათვლით,  ხელფასის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პაატა იმნაძეს ამ სახლის შესაძენად -15 წელი უნდა ემუშავა. თუმცა, ბინის შეძენა, რემონტი და საცხოვრებლად გადასვლა მეუღლესთან ერთად სულ რამდენიმე თვეში მოახერხა.

პაატა იმნაძე არ უარყოფს, რომ ბინა მის მფლობელობაშია, თუმცა, თქვა, რომ ბინა მეუღლემ ხათუნა გოგელიამ შეიძინა და ჯერ გაფორმებული არ აქვს. ქალბატონი ხათუნა, რომელიც პროფესიით გელშტატ თერაპევტია, მთავართან ინტერვიუში ამბობს, რომ ბინა საჩუქარია.

შაბათის მთავარმა გაარკვია, რომ კომპანიას, რომელმაც პაატა იმნაძეს, ოცნების სახლი აუშენა, კიდევ ერთი სერვისი აქვს. გაყიდვების დეპარტამენტში ამბობენ, რომ შეუძლიათ, ბინა არ გადააფორმონ მყიდველზე იმ შემთხვევაში, თუ მფლობელს სურს დამალოს ქონება.

“საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონით პაატა იმნაძე ვალდებულია, სხვა ინფორმაციასთან ერთად, ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითოს ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომელიც 1500 ლარს აღემატება, თუმცა ახალი ბინა მის დეკლარაციაში ჯერჯერობით არ ჩანს.

განახლება: პაატა იმნაძემ სიუჟეტის ეთერში გასვლიდან მეორე დღეს განმარტა, ვინ აჩუქა ბინა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.