“პრეზიდენტ ზურაბიშვილის ზოგადი და ბუნდოვანი სიტყვები „ინკლუზიურ პროცესზე“ არის ფარისევლობა.
ისიც ფარისევლობის ნაწილია, რომ ამას მსოფლიო სამიტზე ამბობს და არა ქართული აუდიტორიისთვის.

ზოგადად, ინგლისურად ხელისუფლება ერთს ლაპარაკობს, ქართველებს კი სხვას ეუბნება: ამას შევეჩვიეთ.

თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მართლა თვლის „პოლარიზაციას“ პრობლემად, მას პირველ რიგში საკუთარი სარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ უნდა გაელაშქრა, რომელიც მთლიანად ოპონენტის სიძულვილზე იყო აგებული. თუ მას ინკლუზიური პროცესი უნდა, პირველ რიგში უნდა შეიწყალოს და პროცესის ლეგიტიმურ ნაწილად აქციოს მიხეილ სააკაშვილი. მოსწონს ის თუ არ მოსწონს, ამ პოლარიზაციაში ერთ პოლუსს ის წარმოადგენს.

ზოგადად, ინკლუზიური პროცესი თუ პროცესები საქართველოს ნამდვილად სჭირდება. ასევე ზოგადად, პრეზიდენტი ნამდვილად არის ფიგურა, ვინც ასეთი ინიციატივით შეიძლება გამოვიდეს. მაგრამ ეს ვერ იქნება პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ან – ისევ თეორიულად – ის ამას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ უახლოეს წარსულს მკვეთრად გაემიჯნება”

ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ნოდია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. ცნობისთვის, პრეზიდენტმა დემოკრატიის სამიტზე დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს “უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად” და წინ წასასვლელად.