ზურაბიშვილმა მითხრა, რომ “შესაძლოა, რუსეთმა სახის შენარჩუნება მოინდომოს” – მიტჩელი

ამერიკელი პოლიტიკური ანალიტიკოსი, ექსპერტი და მწერალი ლინკოლნ მიტჩელი CNN-ზე საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს და ყვება ქართველ პოლიტიკოსებთან, აქტივისტებთან და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დეტალებს.

მისი განცხადებით, რუსეთის მორიგი შეჭრის შესახებ შეშფოთება საგრძნობია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მიტჩელი წერს, რომ მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა მას უთხრა, რომ ეშინია, თუ პუტინი სწრაფ გამარჯვებას მოიპოვებს უკრაინაში, ის შემდეგ საქართველოსკენ წამოვა. რამდენიმე აკადემიკოსმა და აქტივისტმა მიუთითა, რომ თუ პუტინი გააგრძელებს ბრძოლას უკრაინაში, მას სადმე სწრაფი გამარჯვება დასჭირდება და შესაძლოა, ეს საქართველოში მოხდეს.

ანალიტიკოსის ცნობით, გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მასთან საუბრისას “საქართველოს შეშფოთება შეაჯამა” და უთხრა, რომ რუსეთმა შესაძლოა სახის შენარჩუნება მოინდომოს.

“დღეს შეიძლება მათ [რუსეთმა] რაღაც არ გააკეთონ, მაგრამ არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ ხვალ მოინდომონ სახის შენარჩუნება”,– თქვა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ამის “პრევენცია დამოკიდებულია ჩვენი ერის ერთიანობასა და ჩვენს მოკავშირეებთან კავშირებზე”.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს წინაშე არსებული საშინელი სიტუაციის მიუხედავად, ზურაბიშვილმა სინათლის სხივი დაინახა კრემლის წინააღმდეგ ახლად აღმოჩენილი ევროპული ერთიანობის გამო.

“ჩვენ გვაქვს ღიაობა და შანსი, რომელიც არ იყო ომამდე, რაც არის [გზის] გახსნა ევროკავშირისკენ, ჩვენ არ გვაქვს უფლება უარი ვთქვათ ამ შანსზე“,– უთხრა ლინკოლნ მიტჩელს საქართველოს პრეზიდენტმა.

ავტორმა შეაჯამა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, საქართველო და მოლდოვა უახლოეს მომავალში გახდებიან NATO-სა და ევროკავშირის წევრი, თუმცა უკრაინის ომი ცვლის საერთაშორისო პოლიტიკასა და გეოპოლიტიკურ რეალობას.