ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონსა და პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, პატიმრობა შეეფარდა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს.

ადვოკატებმა პროცესზე ზვიადაურისთვის 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენეს. ზვიადაურს თავდებში უდგებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერს გაიმართება. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ადვოკატი აცხადებს, რომ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.