თავად ჩაწერეს, ავრცელებენ და თავადვე ადასტურებენ – “ოცნება” ფარულ ჩანაწერებზე

“ქართული ოცნება” ეხმიანება დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს და ამტკიცებს, რომ ისინი ნაციონალურმა მოძრაობამ და ოპოზიციურმა ტელევიზიებმა ჩაწერეს და გაავრცელეს.

“თავად ჩაწერეს, თავად ავრცელებენ, თავად ჭრიან და კერავენ, თავად ამზადებენ ამ ჩანაწერების ფაბრიკაციას და თავადვე ადასტურებენ, სხვას ამის დადასტურება არ შეუძლია. თუკი სადმე ამ ინფორმაციაში რეალური ინფორმაციაც გამოერევა, ესეც ნათელი გახდება, როდის იქნა ჩაწერილი, ვინ ჩაწერა, რა მიზნით ჩაწერა, რატომ ჩაწერა, როგორ დაამონტაჯა და ა.შ. ამას კონკრეტული ავტორები ჰყავს.

ჩვენ ბევრი მაგალითი ვნახეთ ნაცმოძრაობის ერთერთი ტელევიზიის მხრიდან, სუსზე აქცენტით დაიწყო და აღმოჩნდა, რომ ეს იყო 2012 წლამდე ჩანაწერები. როგორც ჩანს, ასეთთანაც გვაქვს საქმე, რაღაც მოდელირებულ რეალობასთანაც გვაქვს საქმე. ეს გაუგებარი ჩანაწერები ემსახურება ერთადერთ რაღაცას, რომ სახელმწიფო და ეკლესია იყოს თავდასხმის ობიექტი და დაპირისპირება მოხდეს მათ შორის”,– აცხადებს ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ეპისკოპოსების მოსმენებს ასახავს. ჩანაწერებში საუბარია ეპისკოპოსების პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებზე, კავშირებზე, იერარქიაზე და ა.შ. ჩანაწერებს ადასტურებენ ჟურნალისტები, მედიამენეჯერები და პოლიტიკოსები.