“თავიდან ავიცილოთ ნაციზმის აღორძინება” – პუტინის მილოცვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს

კრემლის განცხადებით, სამამულო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით პუტინმა მილოცვა გაუგზავნა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებსა და მოქალაქეებს. ასევე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიებს ე.წ მმართველებს. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ომში გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა ქართველებსა და უკრაინელებსაც.

„დღეს ჩვენი საერთო მოვალეობაა, თავიდან ავიცილოთ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა ხალხს სხვადასხვა ქვეყნიდან. აუცილებელია, შევინარჩუნოთ და შთამომავლობას გადავცეთ სიმართლე ომში მომხდარი მოვლენების, საერთო სულიერი ფასეულობებისა და ძმური მეგობრობის ტრადიციების შესახებ“, – ნათქვამია პუტინის განცხადებაში.

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებისადმი მილოცვის დეპეშებში პუტინმა თქვა, რომ დღეს მათი სამხედროები, ისევე როგორც წინაპრები, იბრძვიან “მშობლიური მიწის ნაცისტური სიბინძურისაგან გათავისუფლებისთვის”.