თბილისის ქუჩებში დამონტაჟებული საახალწლო განათებები საღამოს საღამოს 21 საათის შემდეგ გამოირთვება

დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე დამონტაჟებული საახალწლო განათებები 21: საათიდან გამოირთვება. სწორედ ამ დროიდან მოქმედებს საქართველოში კომენდანტის საათი. მერიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს, თუმცა ის რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს არ შეეხება.

მერიის განცხადებაში განმარტებულია ის მიზეზი, რატომ არ გაითიშება საახალწლო განათება ყველა ქუჩაზე:

„შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, რომელიც დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟსა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა ზოგიერთ ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციები განათების ბოძებზეა დაერთებული. თბილისის გარკვეულ ქუჩებზე დამონტაჟებულია ძველი საახალწლო კონსტრუქციები, რომელთაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი მართვის ფუნქცია, რის გამოც, მათი ჩართვა–გამორთვა მოხდება გარე განათების ჩართვა–გამორთვის დროს. შესაბამისად, მსგავს ქუჩებზე განათებები არ გაითიშება.

ილუმინაციები და საახალწლო კონსტრუქციები ყოველდღე, შებინდებისას ჩაირთვება, ხოლო 21:00 საათის შემდეგ, იქ, სადაც ამის ტექნიკური შესაძლებლობა იქნება, შემდეგი დღის ბოლომდე გაითიშება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.