თეთრი შური ხომ იცით რა არის? – გამყრელიძე რუსეთის მიერ ლუგარში შესვლის მოთხოვნაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანება და ლუგარის ლაბორატორიაზე სპეკულაციებს პოლიტიკური სარჩულით ხსნის.

მისი თქმით, რუსეთს “თეთრი შურით შურს”, რადგან იმ ინფექციების კვლვევა, რომლისთვისაც საქართველო რუსეთს მიმართავდა, ახლა ეს ლუგარის ლაბორატორიაშია შესაძლებელი.

“რუსეთის ერთერთი თეთრი შური, იცით, რა არის? ხომ იცით? გახლავთ ის, რომ სანამ ამ ცენტრში ჩვენ შესაძლებლობები გვექნებოდა ზოგიერთ ინფექციაზე კვლევის, რომელსაც ადრე ვაგზავნიდით დასადასტურებლად რუსეთში, მაგალითად, პოლიემიოლიტისთვის უნდა გაგვეგზავნა მოსკოვში, მაგალითად, წითელასთვის, გრიპისთვის უნდა გაგეგზავნათ სანკტ პეტერბურგში. დღეს ეს არ არის საჭირო, ყველაფერი აქ კეთდება და კიდევ უფრო მეტი.

ეს არის ის, რომ რატომ საქართელოს ორიენტაცია არის ევროპული, ჩრდილო ატლანტიკური ბლოკის და არ არის ჩრდილოეთის, ეს არის ყველაფერი”,- აცხადებს გამყრელიძე.

ცნობისთვის, გუშინ 26 მაისს,  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა  ვრცელ განცხადება, რომელშიც პრეტენზიებს და შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მის ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის და შემოწმების უფლება არ ეძლევათ. ვრცელ განცხადებაში წერია,  რომ „ლუგარის სახელობის ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე უცხო სახელმწიფოების მიერ წარმოებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა კითხვებს ბადებს. მათ ხელში არსებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს ამერიკული სამხედრო უწყებები და მათთან აფილირებული სტრუქტურები აფინანსებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი არ უხსნის რუსეთს, რას აკეთებს რუსულ საზღვართან “ესოდენ” ახლოს მდებარე ტერიტორიაზე, ამ ასპექტის გაუთვალისწინებლობა კი, მათი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, მიუღებელია.