თეონა აქუბარდია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებებზე რეაგირებას ითხოვს

პარლამენტის, ოპოზიციონერი დეპუტატი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეონა აქუბარდია, სპეციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ქადაგიშვილს წერილობით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას გადაწყვეტილებით, კომიტეტის ოპოზიციონერ წევრებს კომიტეტის ისეთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის შესახებ არ ეცნობათ, როგორიცაა, კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის შესწავლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თეონა აქუბარდია რეაგირებას ითხოვს და ასევე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლების შექმნა კანონით ისჯება.

გთავაზობთ თეონა აქუბარდიას მიერ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ქადაგიშვილის სახელზე გაგზავნილ მიმართვას სრულად :

”მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის სრულფასოვანი განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით პარლამენტის მნიშვნელოვანი ფუნქცია და დემოკრატიის განმტკიცების აუცილებელი წინაპირობაა. მეტიც, უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის სრულფასოვანი განხორციელება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობაცაა. გთხოვთ, იხილოთ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი: 1, 2 და 6, რაც გულისხმობს დეპოლარიზაციას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერებას და სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების და მათზე ზედამხედველობის უზრუნველყოფას.
პარლამენტის წევრი არის საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით (მუხ. 8), პარლამენტის წევრს უფლება აქვს ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დაუბრკოლებლად განხორციელება ბუნებრივია მოიცავს მოიცავს საკომიტეტო ფორმატში სრულფასოვანი მუშაობის შესაძლებლობასაც. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს რა კომიტეტის საქმიანობას, ვალდებულია უზრუნველყოს კომიტეტის საქმიანობის საჯაროობა და კომიტეტის წევრი პარლამენტარების იმ ძირითადი ინფორმაციით უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მათ საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
თქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმ გარემოებას, რომ ბოლო პერიოდში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომიტეტის წევრებს საპარლამენტო ოპოზიციიდან, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, არ გვეცნობა კომიტეტის ისეთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის შესახებ, როგორიცაა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის შესწავლა, რისი მტკიცებულებაც არის:

1. მიმდინარე წლის 27 აპრილს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ვიზიტი და პერევში საოკუპაციო ხაზის მონახულება. (https://www.parliament.ge/media/news/irakli-beraia-rusuli-okupatsia-droebitia-da-is-autsileblad-dasruldeba; https://www.parliament.ge/media/news/saparlamento-umravlesobis-tsevrebi-samto-momzadebis-skolas-estumrnen )

2. 2 მაისს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში ვიზიტი (https://www.parliament.ge/media/news/sachkhereshi-metsarmeobis-praktikuli-kursi-chatarda )

3. 2 ივნისს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების ვიზიტი სერჟანტთა აკადემიაში (https://www.parliament.ge/media/news/tavdatsvisa-da-ushishroebis-komitetis-tsevrebi-serzhantta-akademias-estumrnen)

4. 13 ივნისი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერეს ( https://www.parliament.ge/media/news/saparlamento-umravlesobis-tsevrebma-spetsialuri-operatsiebis-satsvrtneli-tsentri-daatvalieres )

მეტიც, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და წევრი, 3 მაისს არ ვიყავი ინფორმირებული ჯეიმს აპატურაისა და კომიტეტის წევრების შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ( https://www.parliament.ge/media/news/jeims-apaturaim-da-irakli-beraiam-sakartvelos-evroatlantikuri-integratsiis-protsesze-imsjeles ), ისევე როგორც 5 მაისს კომიტეტის ფორმატში გამართული საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის თაობაზე. (https://www.parliament.ge/media/news/irakli-beraiam-ashsh-is-erovnuli-tavdatsvis-universitetis-delegatsias-umaspindzla)

ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 5 მაისს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს მივმართე წერილით #2-6932/23, რასაც რეაგირება და შედეგი არ მოჰყოლია.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით. შესაბამისად, მოგმართავთ განცხადებით, შესაბამისი რეაგირება მოახდინოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტის წევრი დეპუტატების უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაციის არმიწოდების შესახებ, რაც გამორიცხავს კომიტეტის საქმიანობაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატების სრულფასოვან მონაწილეობას.” – წერია თეონა აქუბარდიას მიერ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ქადაგიშვილის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში.