“თუ ფლობთ ინფორმაციას დაკარგულებზე დარეკეთ: 598 913 089” – შოვში ცხელი ხაზი ამოქმედდა

ონის მერია განცხადებას ავრცელებს და  მოსახლეობას მოუწოდებს, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, დარეკონ ცხელ ხაზზე, ნომერზე: 598 913 089

“ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, დღეს შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ საგანგებო თათბირი გაიმართა.

შეხვედრაზე დღეს, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და შემდგომი მოქმედებები დაგეგმეს.

სამუშაო თათბირის დროს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაგვიკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089″ – წერია განცხადებაში.

  • რაჭაში სტიქიის ზონაში 50-მდე ადამიანს ვერ უკავშირდებიან – ადგილზე საგანგებო სიტუაციები სამსახურის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

ამ დრომდე ვერ ახერხებენ დაკავშირებას ახლობლები ოჯახის წევრებთან, რომლებიც დღეს მთელი დღეა კონტაქტზე არ გამოდიან. სავარაუდოდ სტიქიის ზონაში 50-მდე ადამიანი იმყოფება.

„ჩვენი ინფორმაციით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. მთელი ღამის განმავლობაში ვეცდებით ინფორმაციების გადამოწმებას, გაფილტვრას და შესაბამისად, ყველანაირი ზომის მიღებას.

მინდა მივმართო ყველას, ვინც ვერ გადის კონტაქტზე ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, აუცილებლად დაგვიკავშირდნენ. ჩვენს მიერ ხდება ინფორმაციების გადამოწმება და დაზუსტება. მინდა გითხრათ, რომ 150 ადამიანამდეა უსაფრთხო ლოკაციებზე და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, რომლებთანაც ოჯახის წევრების მიერ დაკავშირება ვერ ხერხდება, შესაძლოა მათ რიცხვში იყვნენ. აქედან გამომდინარე, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ გადავამოწმებთ ინფორმაციებს და მოვუწოდებ ყველას, თუ ვინმე ვერ უკავშირდება ახლობელს, დაგვიკავშირდეს შტაბში, ცხელ ხაზზე და 112-ში განახორციელოს აუცილებლად ზარი.

ამ დროისთვის მობილიზებულია, როგორც შინაგან საქმეთა, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ადგილზე არიან გეოლოგები და მიმდინარეობს ყველა საჭირო პროცედურა. ჯერჯერობით რამე საჭიროება, რამე დამატებითი ძალის ან ტექნიკის მობილიზების, იმაზე მეტის, რაც ამ დროს ხდება, ვფიქრობ არ დაგვჭირდება“, -აცხადებს  “იმედთან” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.