თუ ახალი შემთხვევების რაოდენობა განახევრდება, შესაძლებელი იქნება ტურისტული სეზონის გახსნა – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერვაძე ამბობს, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით რთული იქნება ტურისტული სეზონის გახსნა, თუმცა თუ ახალი შემთხვევების რაოდენობა განახევრდება, შესაძლებელი იქნება.

,,რთული საკითხია, ზაფხულში რამდენად იქნება შესაძლებელი ტურისტული სეზონის გახსნა. მაგალითად, იტალია ამბობს, რომ წლის ბოლომდე ვერ გახსნის. ასეთი მდგომარეობა რომ შენარჩუნდეს, ცოტა ძნელი იქნება ტურისტული სეზონის გახსნა. აი, თუ მივაღწიეთ ჩვენ ახალი შემთხვევების რაოდენობის განახევრებას, მაშინ შესაძლებელი იქნება”,- თქვა თენგიზ ცერცვაძემ აჭარის მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში”.

1 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს და კვლავ დაიწყება ტურისტების მიმოსვლა.

შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმ განმარტა, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ფრენების აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა შიდა ფრენების აღდგენაზე მსჯელობენ. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 240 გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.