მიმდინარეობს მსჯელობა შიდა ფრენების აღდგენაზე – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ფრენების აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა შიდა ფრენების აღდგენაზე მიმდინარეობს მსჯელობა.

,,თამამად შემიძლია ვთქვა და ამაზე პრემიერმინისტრმაც ისაუბრა, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელიც ფრენების აღდგენას ახლავს თან, თუმცა მიმდინარეობს მსჯელობა შიდა ფრენების აღდგენაზე”,- ამბობს მეზვრიშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობა ტურიზმის აღდგენის შესახებ გეგმას მომავალ კვირას წარადგენს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის ფრენების მნიშვნელობა ზოგადად და მათ შორის ტურიზმისთვის. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს ტურიზმის აღდგენის გეგმაზე და მეტ დეტალს მომავალ კვირას საზოგადოებას წარვუდგენთ”,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

მანამდე, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს და კვლავ დაიწყება ტურისტების მიმოსვლა.