”თქვენი მოქალაქე ვარ, მინდა, თვალებში ჩამხედოთ!” – მაღაროელის მიმართვა ღარიბაშვილს

”თქვენი მოქალაქე ვარ, მინდა, თვალებში ჩამხედოთ!” მაღაროელი, გიორგი კუპატაძე, რომელსაც პროტესტის ნიშნად თვალები აქვს ამოკერილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, თითოეული მაღაროელი გაითვალისწინოს.

“კაციშვილი პატრონი არ გაგვაჩნია, მე პირადად გადავწყვიტე, ჩემი გადაწყვეტილება იყო დღეს, რომ ჩამოვსულიყავი და ბატონ ღარიბაშვილს მინდა, თხოვნით მივმართო აქედან, რომ მე თქვენი მოქალაქე ვარ, მეც მიმიძღვის წვლილი თქვენს მოსვლაში ხელისუფლებაში და მინდა, რომ თვალებში ჩამხედოთ… გაითვალისწინოთ თითოეული მაღაროელი, იმხელა პროდუქციას ვქმნით და იმხელა თანხები შედის ბიუჯეტში, ჩვენს ზურგზე, ჩვენს ხელებზე, აგერ არის ფაქტი, 17 ნაკერი მადევს. ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი, დღეს აღარავის ვჭირდები თვალებამოკერილი?

არა, მე კიდევ საჭირო ვარ ყველასთვის და საჭირო ვიქნები ყველასთვის, აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ბიჭები მეტად გავაძლიერო, მეტად გვერდში დავუდგე, ყველაფერს გავაკეთებ იმის გულისთვის, რომ მე, გიორგი კუპატაძე, სულ რომ არ გადავრჩე და დავიღუპო, ესენი იყვნენ კარგად”, – განაცხადა მან.