ივანიშვილი დაჯდა, სია დაწერა და მოგვცა, ეს არ არსებობს – ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატებზე

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების” დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატები მთავარი კრიტერიუმით – საქმის კეთები უნარით შერჩია.

„ეგ არ ყოფილა განმსაზღვრელი ნიშანი, იქ ისაა და მოდი ამ კანდიდატს დავაყენებ – ასე არ იყო. საქმიდან გამომდინარე. საქმე უნდა აკეთო და უნდა გქონდეს რესურსი, საქმე გააკეთო. მე ვერ ვხედავ, რომ ამ დესტრუქციულ ძალას უნარი შესწევს გააკეთოს ის, რაც ჩვენს კანდიდატებს შეუძლიათ“, – თქვა ვოლსკიმ პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე განცხადებით, კანდიდატების სია ბიძინა ივანიშვილს არ დაუწერია.

„მუშაობს უშველებელი მანქანა და მუშაობს შეუცდომლად. შეცდომები ვის არა აქვს, მაგრამ რესურსი არის ახლა, ინტელექტუალური რესურსიც არის საქართველოში და არ არის აუცილებელი, რომ ყველა პარლამენტში იჯდეს, ხომ? ის, რომ ბიძინა ივანიშვილი სადღაც დაჯდა, სია დაწერა და მოგვცა ეს არ არსებობს. იყო ერთ-ორ რეგიონზე კამათი, ის სხვას ამბობდა, მაგრამ პოლიტსაბჭოს წევრების მოსაზრება გაითვალისწინა”, – თქვა ვოლსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდმა გამოაჩინა, რომ “თურმე არავითარი არაფორმალური მმართველობა არ არსებობს, მუშაობას უშველებელი მანქანა და მუშაობას შეცდომლად”.