ივანიშვილმა იპოდრომის არამოგებიანი აქტივი მოიშორა, 79 000 კვ.მ თავისთვის დაიტოვა – აბესაძე

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ იძინა ივანიშვილმა დედაქალაქს იპოდრომის მხოლოდ ის ნაწილი გადასცა, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით, არამომგებიანია.

მისი თქმით, იპოდრომის მნიშვნელოვანი ტერიტორია, დაახლოებით 79 ათასი კვადრატული მეტრი ქართული ოცნების თავმჯდომარემ თავისთვის დაიტოვა.

“ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია მიმდინარე წლის ივნისში დაყო რამდენიმე ნაწილად. ქალაქს უბრუნებს მხოლოდ ცენტრალურ მოედანს, სადაც თეორიულად ვერანაირი ეკონომიკური და ბიზნეს პროექტების განხორციელების ინტერესი ვერ ექნება. ამას უბრალოდ საზოგადოება არ დაუშვებს როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა არსებობდეს მომავალში და სამაგიეროდ, ის საკუთრებაში იტოვებს დაახლოებით 79 ათას კვადრატულ მიწის ნაკვეთს, სადაც ის როგორც ჩანს აპირებს საკუთარი ბიზნეს პროექტების განხორციელებას და ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებას. რეალურად, მან მოიშორა არამომგებიანი აქტივი და დაიტოვა შემდგომი განვითარებისთვის იპოდრომის მნიშვნელოვანი ტერიტორია”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა, თუ როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი.

ცნობისთვის, ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია თბილისს გადასცა, რომელზეც ქართული ოცნება ცენტრალური პარკის გაშენებას გეგმავს. იპოდრომის ტერიტორია 2009 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კომპანია ინვესტ კაპიტალს ეკუთვნოდა. 2020 წელს ქართული ოცნების თავმჯდომარის ერთმა კომპანიამ მეორე კომპანიას (ფონდი ქართუ) ტერიტორია 60 მილიონად მიჰყიდა.