იტალიელმა ქალმა მომვლელ ქალს ანდერძით 3.7 მილიონი ევრო დაუტოვა. ის სავარაუდოდ ქართველია

ჩრდილოეთ იტალიაში, გენუაში (Genova) ხანდაზმულმა ქალმა ანდერძით სახლის მომსახურე პერსონალს მემკვიდრეობის ნაწილი დაუტოვა, მათ შორის  მომვლელ ქალს 3.7 მილიონი ევრო. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო corriere.it ავრცელებს.

იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტები „პრაიმტაიმთან“ ამბობენ, რომ მომვლელი, რომელსაც ამხელა თანხა დაუტოვეს, წარმოშობით საქართველოდან არის, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ  და ამბობენ, რომ თავად ისურვა, ეს ამბავი არ გახმაურებულიყო.

ემიგრანტების თქმით, ქართველი ქალი იტალიაში სამუშაოდ წლების წინ წავიდა და გენუაში პროფესიით მასწავლებელ მარიზა კავანას ოჯახში მუშაობდა.

მოხუცი 2020 წლის 9 დეკემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მან თავისი ქონების ნაწილი არასამეწარმეო, არამომგებიან ორგანიზაციებს, ასოციაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სამკურნალო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებს დაუტოვა, ხოლო თავის მომვლელს, რომელმაც მასთან ბოლო 4 წელი იმუშავა, მადლიერების ნიშნად 3.7 მილიონი ევრო უანდერძა. მოხუცი ქალბატონის, მარიზა კავანას აქტივები 25 მილიონ ევროს შეადგენდა.

„ანდერძი და მისი უკანასკნელი სურვილები მარიზა კავანამ გულდასმით დაწერა და დაახლოებით 25 მილიონი ევროს მემკვიდრეობა გენუაში არსებულ საავადმყოფოებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კვლევით ინსტიტუტებს უანდერძა.

პენსიონერი ედმონდა მარიზა კავანა ახალგაზრდობაში ლიტერატურას ასწავლიდა. იგი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა გასული წლის 9 დეკემბერს,  საკუთარ სახლში. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, იგი პასადორის ბანკის მენეჯერს, ჯინო ნოცეთს დაუკავშირდა, რათა უკანასკნელი სურვილი გაენდო:

„ძვირფასო, მას შემდეგ, რაც აღარ ვიქნები, გთხოვ კონვერტი, რომელიც მაგიდაზე იდება, წაიღოთ კომპანია XIX Century-ში. წერილი ყველა იმ ადამიანს მოიცავს, ვისაც მადლობას ვუხდი და ვისაც ვუყვარდი“, – უთხრა ბანკის თანამშრომელს მოხუცმა მილიონერმა.

ოჯახის საიუველირო ნაკეთობებისა და ულამაზესი ვილის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი, ასევე ბანკში არსებული „ფულადი სახსრები“, გენუის ორი საავადმყოფოს მფლობელობაში გადავა. ხუთი მილიონი ერგო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტს, რომლის გენერალური მენეჯერი ადრიანო ლაგოსტენა მიღებულ გრანტს „უნიკალურ კეთილშობილებას“ უწოდებს. ამასთან, პროფესორმა მკაცრად მიუთითა, რომ ანდერძით მიღებული თანხა „არა ადმინისტრაციის“, არამედ „ტექნიკის შესწავლისა და შეძენისთვის“ არის გამოყოფილი.