კანიე უესტმა ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს სწავლა დაუფინანსა

ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს  სწავლა დაუფინანსა. ამის შესახებ ინფორმაციას DailyMail-ი წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, რეპერმა ჯორჯ ფლოიდის ოჯახს და ასევე  იმ აფროამერიკელების ოჯახებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, 2 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

ამერიკულ ქალაქებში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.

დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. პოლიციელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.