“კლასიკური რუსული შიზოფრენია“–ზელენსკის ოფისის პასუხი ლავროვის განცხადებაზე, რომ მათ უკრაინელები ეცოდებათ და “ანტიხალხური რეჟიმის“ დამხობაში დაეხმარებიან

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს “კლასიკური რუსული შიზოფრენია“ განუვითარდა. ასეთი კომენტარი გააკეთა მან ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს უკრაინელები ეცოდებათ და ამიტომ დაეხმარებიან უკრაინელ ხალხს “ანტიხალხური რეჟიმის“ დამხობაში.

“ლავროვის დღევანდელი განცხადება არაბულ სახელმწიფოთა ლიგის შეხვედრაზე – კარგი მაგალითია იმისა, რატომ არ ღირს ზაფხულში მზის გულზე თავსაბურავის გარეშე გადაადგილება. კლასიკური რუსული შიზოფრენიაა: დილით აცხადებ, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებისკენ ისწრაფვის, საღამოს კი ამბობ, რომ შენი მიზანია “კიევის ანტიხალხური რეჟიმისგან“ გათავისუფლება“–თქვა მან.

პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის მოქმედი ხელისულება პატიოსან, კონკურენტულ და დემოკრატიულ არჩევნებზე აირჩიეს, თუმცა რუსული ელიტისთვის ასეთი სიტყვები უცხოა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შაბათს დაიწყო ტურნე აფრიკულ ქვეყნებში იმისათვის, რომ მათი მხარდაჭერა მიიღოს უკრაინასთან ომში, რომელსაც რუსეთი უკვე 5 თვეა აწარმოებს.

თავიდან ლავროვმა პრესკონფერენცია გამართა კაიროში და განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის “საკითხთა უფრო ფართო წრესთან დაკავშირებით“.

მოგვიანებით არაბულ სახელმწიოთა ლიგის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას  ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი დაეხმარება უკრაინელ ხალხს “ანტიხალხური“ და “ანტიისტორიული“ რეჟიმისგან გათავისუფლებაში.