კლიმატურმა ცვლილებებმა დედამიწის ღერძის გადაადგილება გამოიწვია

მართალია დედამიწის ღერძი უხილავი და წარმოსახვითია, ამის მიუხედავად მისი სავარაუდო ადგილმდებარეობის გამოთვლა ადვილია: ის რომ ზედაპირზე ამოდიოდეს და ხილული იყოს, ეს სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებზე მოხდებოდა.

ცნობილია ისიც, რომ ეს ღერძი შეიძლება გადაადგილდეს, რაც პოლუსების “ხეტიალს“ იწვევს. ეს მაშინ ხდება, როცა დედამიწის ღერძი ისეთი ბუნებრივი მოვლენების ძალით გადაადგილდება, როგორიც არის ოკეანის დინებების ცვლილებები ან პლანეტის სიღრმეებში მაგმას კონვექცია.

თუმცა, როგორც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიისა და ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტის მკვლევარებმა გაარკვიეს დედამიწის ღერძის შესამჩნევი გადაადგილება 1990–იანი წლების დასაწყისთან შედარებით პირველად ხელშესახები კლიმატური ცვლილებების, კონკრეტულად კი მატერიკული ყინულების მასობრივი დნობის შედეგად მოხდა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 1995 წელს პოლუსების გადაადგილების მიმართულება სამხრეთულიდან აღმოსავლურით შეიცვალა, თავად გადაადგილების სიჩქარე კი 1995–2020 წლის შუალედებში 17–ჯერ გაიზარდა 1981–1995 წლების შუალედთან შედარებით.

მთლიანობაში 1980 წლიდან პოლოუსები 4 მეტრით გადანაცვლდნენ.

მეცნიერები საკუთარ დასკვნებს НАСА GRACE –ის მისიიდან მიღებული მონაცემებით ამყარებენ, რომელიც დედამიწის გრავიტაციულ ველს და მის ცვლილებებს სწავლობდა, მათ შორის კლიმატის ცვლილების პროცესებთან დაკავშირებულს.

“რაც უფრო სწრაფად დნებოდა ყინულები გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, მით მეტი ალბათობით ახდენდა ეს გავლენას პოლუსების გადაადგილებაზე. სხვა შესაძლო მიზეზებს შორის შეიძლება იყოს წყლის მარაგების მოცულობის ცვლილება იმ რაიონებში, სადაც არ არის ყინულები, თუმცა გრუნტის წყლების ზღვარგადასული მოხმარება ხდება მორწყვის მიზნით ან სხვა ადამიანური საქმიანობისთვის.“– ამბობს კვლევის ხელმძღანელი შანშან დენი გამოცემა Geophysical Research Letters–ში გამოქვეყნებულ ნაშრომში.

მართლაც მიწისქვეშა წყლები, რომლებიც მინდვრების მოსარწყავად თუ სხვა საჭიროებებისთვის ამოიქაჩება, ადრე თუ გვიან მსოფლიო ოკეანეში ხვდება და დედამიწის ზედაპირზე წონის ხელახალ გადანაწილებას იწვევს. ბოლო 50 წლის მანძილზე, გათვლების თანახმად ადამიანმა მიწისქვეშა წყაროებიდან 18 ტრილიონი ტონა წყალი ამოტუმბა, თუმცა წონაში ამ  დანაკარგის კომპენსაცია არაფრით მომხდარა.

ღერძის გადანაცვლების კუთხე ჯერჯერობით იმდენად პატარაა, რომ პრაქტიკულად არანაირად არ აისახება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თუ არ ჩავთვლით დღის ხანგრძლივობის ცვლილებას რამდენიმე მილიწამით. თუმცა, კონტინენტური ყინულების დნობის მუდმივი დაჩქარება მიწისქვეშა წყლების დაუნდობელ გამოყენებასთან ერთად სულ უფრო მეტ გავლენას მოახდენს მასების გადაადგილებაზე, და ჯერჯერობით ვერავინ იტყვის დარწმუნებით, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს.