კომენდანტის საათით მთავრობას პატიმრებივით ჰყავს ხალხი – გირჩი საკონსტიტუციოს საჩივრით მიმართავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიაში დღეს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მეორე სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

გირჩი რიგით მეორე სარჩელით, რომელიც საგანგებო მდგომარეობის თემატიკას ეხება, კომენდანტის საათის შემოღების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

“კომენდანტის საათით ადამიანები გამოკეტეს სახლში, ფაქტობრივად, პატიმრებივით ჰყავთ ისინი და სახელმწიფოს მეთვალყურების გარეშე გადაადგილებას უკრძალავენ, და თან აჯარიმებენ. ჩემი აზრით, დღეს არის გასარკვევი ის ამბავი, ზოგადად რისი უფლებამოსილება აქვს სახელმწიფოს და რა ფარგლებში შეუძლია მას ჩაერიოს ჩვენს ცხოვრებაში”, – აცხადებს გირჩის იურისტი ლევან ჯგერენაია. 

საკონსტიტუციო სასამართლოში საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით  გირჩმა სამი სარჩელი შეიტანა. მათ შორის დასაშვებად იქნა ცნობილი სარჩელი, რომელიც  ბოლნისსა და მარნეულში საკარანტინო რეჟიმის შემოღებას შეეხება. კიდევ ერთი სარჩელი კი  მსუბუქ ავტომანქანებში მგზავრთა რაოდენბის შეზღუდვას შეეხება.