ლაზარე გრიგორიადისის დედის თქმით, ციხეში შვილთან ვიზიტებს უზღუდავენ

მარტის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შვილის მონახულების საშუალება მიეცეს. ლაზარეს დედა, აცხადებს, რომ  ციხეში შვილის მონახულება ბოლოს ახალი წლის დღეებში შეძლო, რის შემდეგაც, არაერთი მცდელობის მიუხედავად, თებერვალსა და მარტში აღარ მისცეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის ნებართვა, მიზეზად კი სხვადასხვა პროცედურული საკითხი დაუსახელეს.

“უკვე ორი თვე გავიდა, ტელეფონზე კი გვირეკავს ხოლმე, მაგრამ პაემანი არ გვქონია, თებერვლის თვეში დაუწერია განცხადება, რომ უნდოდა პაემანი, მაგრამ უთხრეს, რომ არ არის ადგილები. შემდეგ 24 მარტისთვის დაუწერია განცხადება და 24 მარტი უწევს კვირა, მამაჩემი გუშინ ციხეში რომ იყო და რომ იკითხა რა შეგვიძლია შევიტანოთ და რაღაც, 24-ში გვაქვს ჩანიშნული პაემანი , უთხრეს, რომ არანაირი პაემანი არ არის და ვერ იქნება, იმიტომ, რომ 24 არის კვირა. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერია, იმიტომ, რომ ხან მოსამართლე შვებულებაში გადის, ბოლო სასამართლოდან ერთი თვე კიდევ გაგვიჭიანურეს, ახლა ეს პაემნები, თურმე ჩვენთვის შეუძლებელია და ადგილები არაა, აბსურდს ვისმენთ ამდენი თვეა”, – ამბობს კალანდაძე “ფორმულასთან” საუბრისას.