ბიზნესი არ დაეხმარება პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მორგებულ ტენდერებთან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ კომპანიები ტენდერებს ტენდერების საფუძველზე იგებენ. მისი თქმით, ყველას აქვს შესაძლებლობა, ვინც მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მიიღოს მონაწილეობა ტენდერებში.

,,რაც შეეხება ტენდერებს, ტენდერებს იგებს კომპანიები ტენდერების საფუძველზე. შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა, ვინც მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მიიღონ მონაწილეობა ტენდერებში,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ის “ქართული ოცნების” შემომწირველ კომპანიებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ კომპანიები იმ პარტიებს არ დაეხმარებიან, ვინც ადრე ბიზნესის წართმევით და ადამიანების მკვლელობით იყვნენ დაკავებულები.

,,იმას, რომ სხვადასხვა ტიპის კომპანიები არიან “ქართული ოცნების” შემომწირველები, მივესალმები. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესსექტორს, ყველა კომპანიას, ვინც არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. ლოგიკურიც არის, ბიზნესი არ შეწირავს, არ დაეხმარება კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბიზნესის წართმევით, ადამიანების მკვლელობით, ოჯახების გაუბედურებით და ასე შემდეგ”,- თქვა კახი კალაძემ.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2013 წლიდან ,,ქართული ოცნების” შემომწირველ კომპანიებს სახელმწიფომ 160 მლნ ლარი გადაუხადა, აქედან 8 მლნ ტენდერების გვერდის ავლით.

2017 წელს თბილისის მერის არჩევნების პერიოდში შპს ჯეო გრუპის მფლობელებმა მმართველ პარტიას 50,000 ლარი შესწირეს. მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ არჩევნებში გაიმარჯვა, მერიამ კომპანიასთან 73,087,015 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა.