მასწავლებლებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება – თამარ გაბუნია

სასწავლო პროცესის დაწყებისას, სკოლაში პირბადის გარეშე ვერ შევლენ იქ მომუშავე თანამშრომლები და მასწავლებლები, გარდა მოსწავლეებისა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

“მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასკოლო გარემოსთვის ძირითადად სამი მიმართულებით არის. ესენია: პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, პირბადეების გამოყენება შესაფერისი წესით, დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. ერთი მეტრი დისტანციის დაცვა, ეს არის მინიმალური უსაფრთხო დისტანცია, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვთავაზობენ.

რაც შეეხება პირბადის გამოყენებას, ეს სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა. სკოლების პასუხისმგებლობა იქნება უზრუნველყონ სადეზინფექციო საშუალებები და სანიტარული კვანძების დასუფთავება რეგულარული წესით“, – განაცხადა  გაბუნიამ.