მაშველები თელავის ერთ-ერთ სოფელში დაკარგულ მამაკაცს მდინარე ალაზანში ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები კახეთში, სოფელ გულგულადან დაკარგულ 80 წლის მამაკაცს,  მდინარე ალაზანში ეძებენ.

კაცი სოფლის ნახირს მწყემსავდა, ის მეორე დღეა გაუჩინარებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მისი ტანსაცმელი მდინარე ალაზნის ნაპირზე იპოვეს.

,,მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მუშაობდნენ ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ღამის სანათი მოწყობილობის მეშვეობით განხორციელდა მდინარის ზედაპირის მონიტორინგი.

28 აპრილის დილიდან, პროცესში ჩაერთო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პერიმეტრს დრონით ათვალიერებენ. ასევე, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობს წყლის ფსკერის მონიტორინგი. მდინარეში მუშაობს მყვინთავთა ჯგუფი. პარალელურ რეჟიმში გრძელდება მდინარის ნაპირის დათვალიერება.

ადგილზე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური”, – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.