მედვედევი საქართველოს ხელისუფლებას პრაგმატიზმის გამო აქებს,სალომე ზურაბიშვილს კი “შეშლილების“ კატეგორიაში ასახელებს

რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის თხუთმეტი წლისთავზე რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, დიმირი მედვედევმა რუსულ სახელმწიფო მედიასთან – Russia Today–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოზე ისაუბრა. მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებსაც საქართველოსთან ერთად სამკუთხედს უწოდებს და ამბობს, რომ ქართულ–აფხაზურ–ოსური ურთიერთობები ჯობს ამ “სამკუთხედის “ მონაწილეებმა შეაფასონ. თვითონ კი საქართველოს ხელისუფლებას აქებს და ამბობს, რომ ის  პრაგმატულია,  რის გამოც რუსეთი დღეს საქართველოსთან ურთიერთობებს ავითარებს.

„პოლიტიკაში ყველაფერი ხდება. პრაგმატიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველას გვაქვს ემოციები, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას ემოციები გვერდით უნდა გადავდოთ. საქართველოს დღევანდელი  პოლიტიკური თაობა პრაგმატიზმით გამოირჩევა, ამის არ აღნიშვნა შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენ ვავითარებთ მათთან ურთიერთობას, ამიტომ ჩვენ დავუშვით საქართველოს მოქალაქეების რუსეთში უვიზოდ შესვლა, ამიტომ თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენა“, -თქვა მედვედევმა.

ამავე ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ  თქვა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ „შეშლილი, გიჟები, უცნაური ხალხი“, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ მინიმალური გავლენა აქვთ ქვეყნის პოლიტიკაზე. 

„აი, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი – არ ვიცი, ქართულად საუბრობს თუ არა, ფრანგია, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება თავისი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. მაგრამ ახლა ასეთი პოლიტიკოსები იქ წამყვან როლს არ თამაშობენ. ამჟამინდელი პრეზიდენტის როლი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, მინიმალურია. იმედი მაქვს, საქართველოს ხელმძღვანელობა იქნება საკმარისად პრაგმატული, რომ აღიაროს რეალობები, მათ შორის სამხრეთ ოსეთის არსებობა და მათთან ურთიერთობა დაამყაროს“, – დაასკვნა მედვედევმა.