მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით მოსარგებლეებს სრულად დააფინანსებს

თბილისის მერია 2024 წლის იანვრიდან ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი – 50%-ით უფინანსებდა”. – თქვა თბილისის მერმა.

კალაძის განცხადებით, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში, ერთ პაციენტს თბილისის მერია წლის განმავლობაში მინიმუმ 21 600 და მაქსიმუმ – 61 150 ლარით აფინანსებს, ხოლო მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში, მინიმუმ 40 500 და მაქსიმუმ 65 340 ლარით.