მოსაყდრე შიოს კლუბების ხმაური აწუხებდა, ვასაძემ დაბა კიკეთში საცხოვრებელი ბინა შესთავაზა – ფაილები

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტ შიო მუჯირს ღამის კლუბების ხმაური აწუხებდა, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მას დაბა კიკეთში საცხოვრებელი ბინა შესთავაზა – ამის შესახებ, ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ერთ-ერთი ფაილში ვკითხულობთ. მიტროპოლიტ შიო მუჯირს ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სახლში ელექტრონული მუსიკის ხმა აწუხებდა, რის გამოც 2020 წლის ივლისში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს თხოვნით მიმართა, ეშუამდგომლა მთავრობასთან ქალაქგარეთ საცხოვრებელი ბინის გამოყოფასთან დაკავშირებით

[26.07.20, 13:34:23] 11: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაუკავშირდა ქ.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს, რომელსაც სთხოვა, რომ ქალაქგარეთ საცხოვრებელი ბინის გამოყოფასთან დაკავშირებით, უშუამდგომლოს მთავრობის წარმომადგენლებთან. მღვდელმთავრის განმარტებით, მისთვის ქ.თბილისში, კერძოდ ვ.ბარნოვის ქუჩაზე ცხოვრება გახდა გაუსაძლისი, ვინაიდან ღამის საათებში აწუხებს მთაწმინდის პარკში და კუს ტბაზე მოქმედი ღამის კლუბებიდან  გამოსული ელექტრონული მუსიკის ხმა. შ.მუჯირი აქვე აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული პრობლემის შესახებ, საქმის კურსში ჩააყენა ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნები (ვინაობებს არ აკონკრეტებს), რომლებმაც ვერ შეძლეს პრობლემის მოგვარება. მისივე თქმით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე დაბა კიკეთში სთავაზობს საცხოვრებელ ბინას, რაზეც თავს იკავებს იმის გამო, რომ ხსენებული ფაქტი საზოგადოების მხრიდან შესაძლოა აღქმული იქნეს უარყოფითად. შ.მუჯირის განმარტებით,  ბინის გამოყოფის თაობაზე შეუძლია უშუალოდ მიმართოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, თუმცა ამ ეტაპზე ეუხერხულება და არ სურს მისი შეწუხება.”- წერია ფაილებში.

”[08.08.20, 12:05:21]  : შ.მუჯირი შ.თეთრუაშვილთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად იმყოფება მძიმე მდგომარეობაში, რადგან არ უძინია უკანასკნელი 1 კვირის განმავლობაში. შ.მუჯირის მძღოლი გიგა ბაღათურია პირად საუბრებში აცხადებს, რომ მღვდელმთავარს მთელი ღამის განმავლობაში არ უძინია, ვინაიდან აწუხებდა მთაწმინდაზე მდებარე კლუბ ,,ანდერვილიდან” მომავალი მუსიკის ხმა. აქვე აღნიშნავს, რომ მღვდელმთავრის დავალებით გამთენიისას 05:00 საათზე მუსიკის გათიშვის მოთხოვნით დარეკა 112-ში. გ.ბაღათურიას თქმით, მოცემულ მომენტამდე შ.მუჯირი არ შეხმიანება და ხსენებულიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ მას ჩაეძინა.”- ვკითხულობთ ფაილებში.