მე რიგგარეშე არჩევნების მკაცრად წინააღმდეგი ვარ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია და ოპოზიციას მოუწოდებს, პარლამენტში შევიდნენ.

“მართალი, რომ გითხრათ, მე ამ იდეას [რიგგარეშე არჩევნების] მხარს არ ვუჭერ. ჩატარდა არჩევნები საქართველოში, დადგა შედეგი და მე რომ ვიყო ქართველი ამომრჩეველი, ველოდები, რომ ჩემი ხმა არ დაიკარგება. ამიტომ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრზეა დამოკიდებული, შევიდნენ პარლამენტში, აიღონ მანდატები და იმუშავონ 4 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ჩვენ არ გვჭირდება ადრეული არჩევნები საქართველოში, საქართველოს მოსახლეობა ელის პოლიტიკოსების მიერ პარლამენტში მუშაობას დაიწყებენ”, — განაცხადა მან ტვ პირველთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ხელისუფლება პასუხისგებელია, ოპოზიციას კომპრომისები შესთავაზოს.

“რა შეიძლება ეს იყოს, აქედან ვერ გეტყვით, მაგრამ არსებობს საკითხები, რომელიც ოპოზიციას დააინტერესებს, თუმცა მე ვარ მკაცრად წინააღმდეგი რიგგარეშე არჩევნების”,– აღნიშნავს ვიოლა ფონ კრამონი.