მთავრობა აცხადებს, რომ 15 ივლისამდე შემოღებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა შესაძლოა უფრო ადრე გაუქმდეს

მთავრობა განმარეტებას აკეთებს საკუთარ დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელშიც წერია რომ საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 15 ივლისამდე აკრძალულია.

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ  არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისი განისაზღვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი ყველა შეზღუდვა ზუსტად 15 ივლისამდე დარჩება და შეზღუდვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, უშუალოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან და ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებენ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, რის შესაბამისადაც დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდება.

დღეს გავრცელდა მთავრობის დადგენილება  №322  “ იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ “, რომელიც დღეს ამოქმედდა და მისი მოქმედების ბოლო ვადად 15 ივლისია მითითებული. დადგენილებაში წერია:

5. ჩერდება:

ა) სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან  (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;

ბ) საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

გ) საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;

დ) რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.