მთავრობა 500 ტონა მაკარონს, 5000 ტონა შაქარსა და 1.5 მლნ ლიტრ ზეთს ყიდულობს

საქართველოს მთავრობა 16 მლნ ლარად 500 ტონა მაკარონს, 5000 ტონა შაქარსა და 1.5 მლნ ლიტრ მზესუმზისირის ზეთს ყიდულობს. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 მარტს გამოსცა.

განკარგულებაში ვკითხულობთ, ქვეყანაში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგის შექმნის მიზნით თანხა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან უნდა გამოიყოს, ხოლო პროდუქცია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ უნდა შეიძინოს.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან გამოიყოს 16 000 000 ლარი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2020 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების განხორციელება“, – წერია დოკუმენტში

საქართველოში დღეს 8 საათიდან საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. ასევე, აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 108 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 21 გამოჯანმრთელდა.